„ქუჩის ბიჭების“ საიუბილეო კონცერტი 25 დეკემბერს თბილისში გაიმართება
Ardaidardo.Ge
რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „ლიმონში“, ზურა ხაჩიძემ „ქუჩის ბიჭების“ საიუბილეო კონცერტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი იქნება დარჩენილი რამდენიმე თვე როგორც მათთვის, ასევე მსმენელისა და მხარდამჭერებისთვის. ჯგუფის წევრმა „ფორტუნას“ მსმენელს რამდენიმე ექსკლუზივიც გაანდო – „ქუჩის ბიჭების“ საიუბილეო, დასკვნითი კონცერტი 25 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.

ზურა:


ჩვენ 25 წელი შეგვისრულდა. 1994 წელს დაფუძნდა ჯგუფი და მას შემდეგ ბევრჯერ განიცადა პროგრესი. საიუბილეო წელთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება ძალიან დიდი კონცერტები და რამდენიმე შემიძლია წინასწარ გითხრათ – ზაფხულში, „სექტორში“ გაიმართება. დიდი საღამო ზღვის ნაპირზე. გრანდიოზულ კონცერტს ვაპირებთ.


ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს მსმენელისთვის მუსიკალური კლიპის შეთავაზება, რომელიც იუგო მორისმა გადაიღო, ახალ სიმღერაზე. მიმდინარეობს მუშაობა სამ ახალ სიმღერაზე, ასევე კლიპების გადაღებაზე.


წლევანდელი წელი ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის ნამდვილად ნაყოფიერი იქნება. ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. იმ წლებისგან განსხვავებით, როცა იძულებითი, შვიდწლიანი პაუზა გვქონდა, ვცდილობთ, ვიყოთ აქტიურები და დიდი მადლობა მსმენელს იმისთვის, რომ დიდი მხარდაჭერაა საზოგადოებისგან.


ექსკლუზიურად გაგანდობთ სიახლეს – 25 დეკემბერს, აუცილებლად, თბილისში დასკვნითი, საიუბილეო კონცერტი გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ყველა ჰიტი და დუეტები. ასევე, ახალი სიმღერები შესრულდება.