ქართული ჯგუფი ბერლინის ბლუზ–ფესტივალზე
ქართული ჯგუფი ბერლინის ბლუზ–ფესტივალზე ბერლინის ბლუზ–ფესტივალზე 17 მარტს ჯგუფი T.BLUES MOB გაემგზავრება. ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველო იქნება. ფესტივალს ჯგუფი T.BLUES MOB დახურავს. გამარჯვებული კი 6 ქვეყნის 6 ფესტივალზე გაემგზავრება, ალბომს ჩაწერს და კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ კომპანიასთან გააფორმებს. ფესტივალს 64 პროდიუსერული ცენტრის წარმომადგენელი დაესწრება. როგორც ჯგუფის დამაარსებელმა კოკა ცქიტიშვილმა რადიო ”ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, ეს ფესტივალი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რადგანადაც მათთვის მსოფლიო ბაზარი გაიხსნება. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, ბერლინის ფესტივალზე ჯგუფს “კიკალა სტუდიოს” გადამღები ჯგუფი გაყვება, სადაც მათი ფესტივალზე გამოსვლის შესახებ, ფილმს გადაიღებენ. როგორც კოკა ცქიტიშვილმა რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, მისი ინიციატივით, მაისის ბოლოს ქუთაისში ბლუზ-ფესტივალი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანჯელა ბრაუნიც მიიღებს. კოკა ცქიტიშვილის თქმით, ამ ინიციატივით ის ქუთაისის მერთან გიორგი თევდორაძესთან მივიდა, საიდანაც ბლუზ-ფესტივალის ჩატარების ნებართვა მიიღო. ფესტივალის სპონსორი ქუთაისის მერია იქნება. ახალ ალბომს რაც შეეხება, ჯგუფმა ის დანაიში ჩაიწერა და უახლოეს მომავალში ქართველი მსმენელისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ჯგუფი T.BLUES MOB 1998 წლიდან სკანდინავიაში მოღვაწეობს. მისი დამაარსებელი კოკა ცქიტიშვილია. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კი რომა რცხილაძეა. T.BLUES MOB-ს დაახლოებით 30–მდე სიმღერა უკვე დაწერილი აქვს. აქედან უმეტესობა კი კოკა ცქიტიშვილის ეკუთვნის. სიმღერის ტექსტების ავტორი კი მზია შორდიაშევცოვაა, რომელიც 20 წელია უკვე კალიფორნიაში ცხოვრობს. ჯგუფს მონაწილეობა თბილისისა და ბათუმის ფესტივალებში აქვს მიღებული. მათ ასევე ჰქონდათ ტურნე დანიასა და ნორვეგიაში. ჯგუფს 450–მდე კონცერტი აქვს ჩატარებული, ცოტა ხნის წინ კი ის ევროპული ბლუზის კავშირის წევრიც გახდა.