პრემიერა მუსკომედიის თეატრში
პრემიერა მუსკომედიის თეატრში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 9 თებერვალს სპექტაკლ ”ფსიქოზი 4.48” პრემიერა გაიმართება, რომელიც თანამედროვე დრამატურგის სარა კეინის პიესის მიხედვით დაიდგა. თეატრმცოდნეებისა და ჟურნალისტებისთვის წინასაპრემიერო ჩვენება ხვალ გაიმართება. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი განხილვა მოეწყობა. სპექტაკლის რეჟისორია მაკა ნაცვლიშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი აფხაზავას ეკუთვნის. სპექტაკლში მარი კიტია და რუსკა მაყაშვილი მონაწილეობენ. “ფსიქოზი 4.48” სარა კეინის უკანასკნელი და ყველაზე სკანდალური პიესაა. დრამატურგმა 28 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი დეპრესიის მთავარი მიზეზი ”გაორება” იყო: ამ პიესაში ის ესაუბრება საკუთარ თავს, რომელიც ვერ იპოვა, ”მოგონილ” სატრფოს (მკურნალი ექიმის სახით), რომელიც ასევე მისი ფანტაზიის ნაყოფია და ღმერთს, რომელმაც ”ზურგი აქცია”. ტექსტში მოყვანილია სარას პიესებზე დაწერილი რეცენზიების ფრაგმენტებიც.