21-25 აგვისტოს, მესტიაში ”მსოფლიო მუსიკის ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალი ინტერკულტურულია და მასში მონაწილეობენ ხელოვანები (მუსიკოსები და ფოტოგრაფები) საქართველოდან („ზუმბალენდი“, „ჩვენებურები“, ”რეგიონი”,“რიჰო“, „ლატალი“), თურქეთიდან (ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის ბენდი), სომხეთიდან (Crossroads Blues Band), ესტონეთიდან (ჯგუფი “Musicians from Estonia“), ლიტვიდან (ჯგუფი „Inculto“). პროექტი ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის (ეთნო–ჯაზი, ფოლკ–როკი, ) და ფოტოხელოვნების სინთეზსს ითვალისწინებს. სამუშაო პროცესი განხორციელდება ღია სივრცეში. მასზე დასწრება თავისუფალი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის მთელი ფესტივალის განმავლობაში.
ფესტივალში მონაწილე ჯგუფები მაყურებლის წინაშე წარსდგებიან როგორც სოლო კონცერტებით,შექმნიან ასევე ერთობლივ კომპოზიციებს და ფესტივალის საღამოებზე დაუკრავენ იმპროვიზირებულ თანამედროვე მუსიკას.
უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფები კი მთელი დღის განმავლობაში გადაიღებენ ფესტივალის სამუშაო პროცესს და ყოველი დღის ბოლოს კონცერტებთან ერთად მოეწყობა ფოტორეპორტაჟების ჩვენება.
ფესტივალის ბოლო დღეს, 25 აგვისტოს, მესტიაში გაიმართება დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ჯგუფი. ისინი წარმოადგენენ ხუთი დღის საუკეთესო ნამუშევრებისაგან შემდგარ პროგრამას.














